პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ოკუპანტებს მოუწოდებს დაუყონებლივ გაათავისუფლონ დატყვევებული ბავშვები. როგორც მან აღნიშნა, ყოვლად გაუმართლებელია ბავშვების გატაცება. "რაც არ უნდა მძიმე ფონი იყოს არც ერთ ქვეყანაში ბავშვების გატაცება არ უნდა ხდებოდეს და მით უმეტეს კავკასიაში, სადაც ბავშვის და ქალის პატივისცემის განსაკუთრებული ტრადიციები არსებობს", - აცხადებს დავითაია და დასძენს, რომ ბავშვების გატაცება არ ზის კავკასიელი ადამიანის ხასიათში და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ ინსპირირებული.
სწორედ ამიტომ იგი მოუწოდებს დაუყონებლივ გაათავისუფლონ ბავშვები და აღნიშნავს, რომ ამ ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაქცია უსათუოდ ექნება.