"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას ცდილობს და ამის საპასუხო ნაბიჯად საერთაშორისო საზოგადეობის საქმის კურსში ჩაყენებას მიიჩნევს. ეს განცხადება თარგამაძემ დღეს სესიაზე ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე ადგილებიდან ადამიანების გატაცების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
თარგამაძემ მაგალითად მოიტანა აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც ქართულ მხარეს უწევს იმის მტკიცება, რომ რუსული მხარე ომამდე ვითარებას ძაბავდა ხელოვნურად და ცდილობდა ქართული მხარის პროვოცირებას. მისი თქმით, პროცესები დღესაც ანალოგიური სცენარით ვითარდება.
თარგამაძის თქმით, ადამიანებისა და განსაკუთრებით ბავშვების გატაცება ემსახურება იმ მიზანს, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ემოციური გადაწყვეტილებები. მისი თქმით ეს არის "რუსეთის მზაკვრული ჩანაფიქრი".
"ხელისუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად და პრობლემის თავიდან ასაცილებლად მთავარი ნაბიჯი იქნება ის რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში", _ განაცხადა თარგამაძემ.