დღეს, 23 ივლისს, ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს "სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ".
დოკუმენტს ქართული მხარის მხრიდან ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ მოაწერა. როგორც რასიზადე განმარტავს, მემორანდუმი ითვალისწინებს სპეციალური საბჭოს შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც შევლენ. ქართული მხრიდან საბჭოს რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ხოლო აზერბაიჯანული მხრიდან აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი უხელმძღვანელებს.
"ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ამასთან, იზრდება ტვირთბრუნვა. ამიტომ მნიშვნელოვანია გამტარუნარიანობის გაზრდაც. ამ მიმართულებით კი სწორედ ეს საბჭო იმუშავებს და ჩვენს ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
ქართული მხარე აღნიშნული საბჭოს შექმნას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს. როგორც რეგიონალური განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, "ე. წ. სატრანსპორტო საბჭო დაეხმარება ტრანზიტულ კომპანიებს იმაში, რომ ქვეყნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს და ტვირთების გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნას".
ე. წ. სატრანსპორტო საბჭო მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.