დღეს, 6 ნოემბერს, პარლამენტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს აირჩევს.
პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარესა და წევრებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი შესაბამისი დადგენილებებით მიიღებს.
კომისიის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია იქნება, რომელიც ამ კომისიაში უფრაქციო დეპუტატის კვოტასაც დაიკავებს. იმავე კვოტით კომისიაში შევა დეპუტატი ჯონდი ბაღათურია.
11-კაციანი კომისიიდან 10 წევრის ვინაობა ცნობილია. "ნაციონალურ მოძრაობას" კომისიაში ეყოლება 4 წევრი: ლაშა თორდია, რატი სამყურაშვილი, თემურ წურწუმია და ბეჟან ხურციძე. "ქრისტიან დემოკრატებს" და "ძლიერ საქართველოს" ეყოლებათ ორ-ორი წევრი.
კომისიაში "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლები იქნებიან: ლევან ვეფხვაძე და რატი მაისურაძე ხოლო "ძლიერი საქართველოდან" ნუგზარ ერგემლიძე და რომან მარსაგიშვილი. ასევე ორი წევრი იქნება ფრაქციის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან და ამ ადგილებს დაიკავებენ კონსტანტინე გამსახურდია და ჯონდი ბაღათურია.
უკვე ცნობილია, რომ კომისიის თავმჯდომარე სწორედ კონსტანტინე გამსახურდია იქნება, ხოლო კომისიის მდივანი კი ჯონდი ბაღათურია.