უმაღლესი რადას ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა სერგეი ბერეზენკომ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო დღეს ქვეყნის უმაღლეს რადაში „სენსაციურ“ განცხადებას გააკეთებს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით.
„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურორს და ვთხოვეთ, პარლამენტში მოხსენება გააკეთოს. რასაც ამ მოხსენებიდან მოისმენთ, ვფიქრობ, ნამდვილი სენსაცია იქნება,“- განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია 112 Украина-სთან საუბარში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.