დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელთან დონალდ ტუსკთან შეხვედრა გამართა.
მეისთან ერთად, შეხვედრას ბრიტანეთის მხრიდან მინისტრი Brexit-ის საკითხებში დევიდ დეივისიც დაესწრო. ბრიტანეთში ამბობენ, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, რომ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში სამიტია დაგეგმილი, სადაც გადაწყდება, გადადის თუ არა ბრიტანეთი მოლაპარაკების მეორე ფაზაზე.
ევროკავშირი და ბრიტანეთი სამ საკითხზე ვერ თანხმდება, ესენია: ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები.
თუ მხარეები სამივე საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, ბრიტანეთი და ევროკავშირი მოლაპარაკების მეორე ფაზაზე გადავლენ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებით "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს, ხოლო ტერეზა მეის თქმით, შეთანხმებაზე მოლაპარაკება სამიტამდე 10 დღით ადრე დასრულდება.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.