1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).
პირველად ეს დღე 1988 წელს, მას შემდეგ აღინიშნა, რაც მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აივ/შიდსთან დაკავშირებით სოციალური შემწყნარებლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გაფართოების შესახებ მოწოდება გაისმა.
თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.
1997 წლის ივნისში აივ/შიდსთან დაკავშირებული გაეროს გაერთიანებული პროგრამით (UNAIDS) და მისი ექვსი სპონსორის მიერ (მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნესკო, იუნისეფი, გაეროს განვითარების პროგრამა, ადამიანთა დასახლების გაეროს ფონდი და მსოფლიო ბანკი), რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორულ ორგანიზაციასთან ერთად, შიდსთან ბრძოლის ყოველწლიური საყოველთაო კამპანია დაიწყო.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს სხვადასხვა დევიზით ტარდება. დევიზი შესაბამისი დროისთვის არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს ასახავს.
2004 წლამდე შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს UNAIDS–ი კოორდინირებდა. 2004 წლიდან დღის თემებს შიდსის საკითხებზე მსოფლიო კამპანიის ხელმძღვანელი კომიტეტი განსაზღვრავს. ამისთვის ის კონსულტაციებს მართავს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც აივ–ინფექციის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან.
2011 წელს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის თემა იყო „მიზნისკენ — „ნული“. 2015 წლამდე კამპანიის თემა შეესაბამება სტრატეგიულ მიზანს „ნული“, რომელიც UNAIDS–მა ასე განსაზღვრა: „აივ–ინფიცირების ახალი შემთხვევა — ნული. დისკრიმინაცია — ნული. სიკვდილის შემთხვევა შიდსის გამო — ნული“.
2015 წლის 30 ოქტომბერს პროგრამა UNAIDS–ის საკოორდინაციო საბჭომ 37–ე სხდომაზე შიდსთან ბრძოლის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ამ დაავადების აღმოფხვრას 2030 წლისთვის ვარაუდობს. სტრატეგიას ყოვლისმომცველი პროგრამა აქვს, რომელიც ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა და 2016–2021 წლებში შიდსთან ბრძოლის ზომების დაჩქარების მხრივ UNAIDS–ის დამოკიდებულებას გამოკვეთს.
UNAIDS–ის აზრით, შიდსის ეპიდემიასთან გასამკლავებლად, მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს განათლების ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამის მომსახურებას იღებდნენ. ასევე სამედიცინო მომსახურებაზე სრული ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობასაც (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და ტრანსგენდერული პირები).
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ეს ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
UNAIDS–ის მონაცემებით, მსოფლიოში აივ–ინფიცირებული 36,9 მლნ ადამიანია. მათგან 17,1 მილიონმა არ იცის, რომ ამ ვირუსის მატარებელია და მის გამოსავლენად აივ–ის ტესტირებას საჭიროებს, ხოლო 22 მილიონს, მათ შორის 1,8 მილიონ ბავშვს, აივ–ის მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება.