მე ბრალი აღიარებული მაქვს და სასჯელიც მოვიხადე, - ამის შესახებ გურამ შარაძის მკვლელობისთვის ყოფილმა მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბარათელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა გურამ შარაძის ოჯახი მას არ თვლის ბრალდებულად, თუმცა მან უკვე მოიხადა სასჯელი და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვს.
”მე ბრალი აღიარებული მაქვს და სასჯელიც მოვიხადე. მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. გასაგებია, რომ ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ. გამოძიებასთან და პროკურატურასთან მე არ ვთანამშრომლობ”, - განაცხადა გიორგი ბარათელმა.
ცნობისთვის, გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა.
გურამ შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.