2017 წლის 6 ნოემბერს, ქ. ანტალიაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ქ-ნ. ნათია ლოლაძე მმართველ საბჭოში იქნა არჩეული. ახლა იგი მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის მმართველ საბჭოში საქართველოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას წარმოადგენს.
გენერალური ასამბლეა წარმოადგენს წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოს. მმართველი საბჭო კი ფუნქციონირებს გენერალური ასამბლეის დადგომამდე და აწყობს შეხვედრებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. საბჭოს არჩევნები იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ და შედგება პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისაგან, ასევე არჩეული წევრი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. მმართველი საბჭო განსაზღვრავს მიმართულებებს, მიზნებს, პოლიტიკას და უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებისა და შესაბამისობის მექანიზმის შემუშავებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება პირველად გახდა ამ საბჭოს წევრი მისი არსებობის ისტორიაში, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩვენი ეროვნული საზოგადოებისთვის.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 1918 წლიდან მოქმედებს, როგორც ნებაყოფლობითი, არასამთავრობო, ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მისიის შესაბამისად - სიცოცხლისა და ღირსების დაცვის მიზნით დაეხმაროს უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში.