„ეს საქმე დასაწყისშივე პოლიტიკურად მოტივირებული იყო, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სამწუხაროდ პოლიტიკურია და არა ფაქტებზე დაყრდონობილი’’, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელ გიორგი ონიანის დაკავებას.
როგორც ხაბეიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან’’ საუბრისას განცახდა, ის სასამართლოს ყველა სხდომას ესწრებოდა და საქმეში გიორგი ონიანის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ მოუსმენია.
„მოწინააღმდეგე მხარეს ფაქტობრივად მტკიცებულებები არ ჰქონდა. უცნაურია, მოსამართლემ გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღო. საინტერესო იქნება, მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას როგორ დაასაბუთებს. არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს, ან პირად დაინტერესებას მაღალი თანამდებობის რომელიმე პირის, ან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან. ეს არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის წარდგენილ ყველა ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.