საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნელის გიორგი გაბაშვილის შეფასებით, მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები მიზნად საქართველოს განვითარების შეფერხებას ისახავს. ეს შეფასება გაბაშვილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე შლიახტუროვის დღევანდელ ბრალდებასთან დაკავშირებით გააკეთა.
შლიახტუროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის განმეორებას არ გამორიცხავს და სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება იმის გამო, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არა მხოლოდ უარს ამბობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, არამედ ცდილობს, ეს ქვეყნები საკუთარ იურისდიქციაში დააბრუნოს.
გაბაშვილი კი აცხადებს, რომ `პროვოკაციული საფრთხეები სწორედ ოკუპანტი რუსეთისგან შეიმჩნევა და არა საქართველოსგან, ვინაიდან ქართული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოსკოვისგან განსხვავებით ასრულებს.~
გაბაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ რუსეთის ტაქიკაა, პროვოკაციული განცხადებები გააკეთოს, რითაც საქართველოს განვითარებას შეუშალოს ხელი.
,,რუსეთს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ განვითარდეს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ინვესტიციები, ამისთვის კი უნდა გამოიყენონ ან პროვოკაციული განცხადებები ან სამხედრო დარტყმები. რუსეთი მუდმივად აფასებს პოლიტიკურ ფასს იმის მიხედვით თუ რა იქნება შემდეგი აგრესიული ნაბიჯებით პოლიტიკური ფასი, თუმცა საქართველოს მოკავშირეებმა მოახდინეს დემონსტრაცია იმისა, რომ რუსეთის შემდგომ აგრესიას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი," - განაცხადა გაბაშვილმა.