კომპანია "საქართველოს თამბაქოს წარმოების" ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვული კომპანია ",ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს" კონტრაბანდული სიგარეტის წარმოებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ბერუაშვილმა დღეს პარლამენტში ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე ფინანსთან მინისტრის თანდასწრებით განიხილეს ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრების საკითხი.
როგორც ბერუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კომპანია სიგარეტს არა მხოლოდ უკრაინაში აწარმოებს, არამედ რუსეთსა და აფხაზეთშიც.
ბერუაშვილის მტკიცებით, დასავლეთ საქართველოში უკვე გამოჩნდა კომპანიის მიერ წარმოებული სიგარეტი აფხაზური აქციზით. მისივე თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ, საქართველოსგან ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრება სწორედ ,,ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს,, მოთხოვნის საფუძველზე აიძულა.
"ქრისტიან-დემოკრატები" და მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის შესრულების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდება კონტრაბანდული სქემა. ლევან ვეფხვაძის თქმით, მასში ჩაერთვებიან საოკუპაციო ძალებიც.
ბერუაშვილის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით საქმეც იყო აღძრული დიდი ოდენობის გადასახადების დაფარვის გამოც.
როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი განმარტავს, საქართველომ აქციზების გათანაბრების გადაწყვეტილება მიიღო არა აღნიშნული კომპანიის მოთხოვნის გამო, არამედ ,,ევროკავშირის ელჩის დემარშისა და უკრაინის მთავრობის ნოტის საფუძველზე.~
მწარმოებლები ფინანსთა სამინისტროს სთავაზობენ გადაწყვეტილების 2 წლით გადადებას, ან აქციზის ფასების დიფერენცირებას დაბალ და მაღალ ფასიან სიგარეტებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინაფსთა სამინისტროში ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპერტების შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება.