საქართველოს მთავრობის განცხადებით, ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრება საქართველოს მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტში ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების~ გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ,,ქრისტიან-დემოკრატები~ და მწარმოებლები აპროტესტებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის უპირობო შესრულების გამო, შესაძლოა შეიქმნას თამბაქოს ადგილობრივი წარმოების საერთოდ განადგურების და ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე.
მინისტრმა კი აღნიშნა, მთავრობას კარგად ესმის იმ საფრთხეების შესახებ, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს, მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის შეუსრულებლობა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასევე აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში.