უახლოესი სამი წლის განმავლობაში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ადლიის სანაპიროს ზოლზე აბრაზიული პროცესების შეჩერებას გეგმავს.
სამმართველოს ინფორაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე სანაპირო ზოლის მთელს ტერიტორიაზე აბრაზიული პროცესების გააქტიურებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აჭარის სანაპირო ზოლის მიმდებარედ დასახლებულ, განსაკუთრებით კი ადლიის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე შეიქმნა ადლიის სანაპირო ზოლზე დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საჭიროება.
აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს ჭოროხის დელტიდან ამოღებული ნატანით ადლიის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას. კერძოდ, ჭოროხის შესართავიდან 100 000 კბ.მ. ნატანის ამოღებას, დატვირთვას ავტოთვითმცლელებზე და ადლიის სანაპიროსთან ზღვაში ჩაყრას დეზის ფორმის სახით.