სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სტუმრებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობის პროცესი და პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
საუბარი შეეხო კონსტიტუციის ახალ პროექტს, სასამართლო სისტემის გაძლიერებას, საარჩევნო რეფორმებს, პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობას, კონტროლის პალატის ახალ კანონს, ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის მონაწილეობისთვის ინსტიტუციონალური გარანტიების გაძლერებასა და მედიის პლურალიზმის ხელშეწყობას.
ამასთან, მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე და პატიმრობის ახალ კოდექსზეც ისაუბრა, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე და პრობაციის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული.