ექვსივე პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში, ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ემთხვევა 20 ოპოზიციური და პოლიტიკური პარტიის მოსაზრებების ნაკრები, გარდა მმართველი პარტიის მოსაზრებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წესის მიხედვით, ექვსი საკითხიდან პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ექვსივე და თუ არ გაითვალისწინებს ყველას, მაშინ დაძლევს ამ მოტივირებულ შენიშვნებს.
"პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კონსტიტუციასთან მიმართებაში 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი ან “ქართული ოცნების” ინიციატივაა, ან უკვე ოცნების ვალდებულებაა ვენეციის კომისიის წინაშე, მათ შორის, ერთი საკითხი - პრეზიდენტის არჩევის არის ისეთი საკითხი, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი გადაიდოს მომავლისთვის, მაშინ, როცა იქნება შექმნილი ორპალატიანი პარლამენტი”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ თუ უმრავლესობა არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, რომ ერთპარტიული კონსტიტუციიდან მივიღოთ მართლაც მრავალპარტიული თანხმობის უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტი.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ექვს პუნქტს ვეტო დაადო.