"კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია.
„ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ, რომ თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება.
ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვა დავინახე. მჯერა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.