ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.
„პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეას აღარ ვუხელმძღვანელებ,“-წერს აგრამუნტი.
მოგვიანებით მისმა წარმომადგენლებმა გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ოფიციალურ განცხადებაში აგრამუნტი ასამბლეას არადემოკრატიული მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ აგრამუნტი ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის შემადგენლობაში დარჩება, ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას კი მისი პირველი მოადგილე როჯერ გეილი შეასრულებს.
პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ის რუსული სამთავრობო თვითმფრინავით სირიაში ბაშარ ასადთან შესახვედრად ჩავიდა. მისი გადადგომის საკითხზე ორშაბათს ევროპის საბჭოში ფინალური კენჭისყრა იგეგმებოდა.