როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია 6 ოქტომბერს დასკვნას საბოლოოდ დაამტკიცებს და ის იქნება პოზიტიური.
,,ეს დასკვნა იმის შესაბამისი იქნება, რაც წინასწარი დასკვნა იყო. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის. დასკვნა იყო პოზიტიური და საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა. ანალოგიურ დასკვნას დაამტკიცებენ 6 ოქტომბერს. ვენეციის კომისიასთან არსებობს ორ საკითხზე შეთანხმება, რომელიც აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში - ეს არის კონსტიტუციიდან ბონუსის ამოღება და ბლოკების აკრძალვის გაუქმება. ჩვენ სწორედ ამის შესაბამისად შევთავაზეთ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს ჩვენი ინიციატივით აუცილებლად მოხდება, ჩვენი სურვილია, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება მარტამდე შევიდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.