აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთში ვენესუელის ე. წ. ელჩის უგო ხოსე გარსია ერნანდესის ე. წ. რწმუნებათა სიგელები მიიღო. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიალზე ბაღაფშმა ე. წ. ელჩს მიმართა, დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.
სერგეი ბაღაფშმა ვენესუელის პრეზიდენტს აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"ყველა ერის თვითგამორკვევის უფლების გაზიარებით ბატონმა ჩავესმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენ მადლობლები ვართ ამისთვის", _ განაცხადა ბაღაფშმა და "სიმბოლური" უწოდა იმას, რომ ერნანდესი ვენესუელის წარმომადგენელია ერთდროულად რუსეთსა და აფხაზეთში.
"რუსეთის ფედერაციასთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს, წინ მივიწევთ ერთი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, თქვენი ძალისხმევით აფხაზურ-ვენესუელური ურთიერთობები მყარი იქნება და ჩვენს ხალხებს წარმატებას მოუტანს", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.