ჟურნალ „პლეიბოის“ დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი მუდმივად ახალგაზრდა ლამაზმანებით იყო გარშემორტყმული და სიცოცხლეში გედონიზმისა და სექსუალური ექსცესების სიმბოლოდ იქცა, თუმცა სიკვდილის შემდეგ მასთან მხოლოდ ერთი ქალი- მერილინ მონრო- დარჩება.
1992 წელს ჰეფნერმა სწორედ ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს საფლავის გვერდით შეიძინა ადგილი სამუდამო განსასვენებლად. ამისთვის მან 25 წლის წინ 75 ათასი დოლარი გადაიხადა. მერილინ მონროს უმადლოდა ჰეფნერი „პლეიბოის“ ბრენდად ქცევას. ჟურნალის პირველი ნომრის გარეკანზე სწორედ მერილინის ფოტო დაიბეჭდა.
მონროს გულახდილი ფოტო გაცილებით ადრე იყო გადაღებული, მაშინ, როდესაც მერილინი ძალიან ახალგაზრდა და დაბალშემოსავლიანი იყო. ფოტოსთვის მან ჰონორარად 50 დოლარი მიიღო. 4 წლის შემდეგ კი ჰეფნერმა ჩიკაგოს კომპანიას მერილინის ფოტოებში 500 დოლარი გადაუხადა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჟურნალი 50 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა.
თავის მემუარებში მსახიობი წერდა: „ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვიათ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ფოტოებით მილიონები იშოვნეს. ჟურნალიც კი არ უჩუქებიათ, თვითონ ვიყიდე.“
ჰეფნერი მერილინს არასდროს შეხვედრია. ჰოლივუდელ ლამაზმანზე მან ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობით თქვა: „ვაღმერთებ ქერათმიანებს. ის კი ყველაზე, ყველაზე ქერათმიანია.“
ჟურნალისტების ინტერესს, თუ რატომ შეიძინა მერილინ მონროს საფლავის გვერდზე ადგილი, ჰეფნერმა ასევე ხუმრობით უპასუხა: „მე სიმბოლური ამბების მჯერა. არ შემეძლო ხელიდან გამეშვა შესაძლებლობა, მთელი მარადისობა მერილინთან ერთად გამეტარებინა.“
ყოველთვის, როდესაც მდიდრები კვდებიან, ადამიანები მათი მემკვიდრეობით ინტერესდებიან. გამონაკლისი არც ჰეფნერი ყოფილა. ის 3 დღის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მსჯელობა იმაზე, თუ ვის დარჩება მისი 50 მილიონიანი ქონება, უკვე დაიწყო.
ჰეფნერმა მემკვიდრეობის საკითხი გარდაცვალებამდე მოაგვარა. მესამე ცოლს, კრისტალ ჰერისს ჯერ კიდევ ქორწინებამდე განუმარტეს, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს მიიღებდა.
კრისტალი ჰიუზე 60 წლით უმცროსი იყო. მათ 2012 წელს იქორწინეს. ყვითელი პრეს წერდა, რომ კრისტალმა ეს ნაბიჯი ანგარების მიზნით გადადგა, თუმცა როგორც ირკვევა, ანდერძში ის საერთოდ არ არის ნახსენები. ყვითელი პრესა იმასაც წერს, რომ ქმრის გარდაცვალების ღამეს კრისტალი ღამის კლუბში ერთობოდა.
ჰეფნერის ქონება მის შვილებს დარჩება, რომლებიც წლების მანძილზე პლეიბოიში მუშაობდნენ. დატოვებული თანხის ნაწილი კი ქველმოქმედებას მოხმარდება.