ხვალ, 13 ივლისს, საქართველოში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. გამოცდების შედეგები კონფიდენციალური იქნება. პირველ ეტაპზე, გამოცდაში საქართველოს მასშტაბით 14 000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება გავიდეს განმეორებით გამოცდაზე. გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
შაშკინის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც გულისხმობს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც პედაგოგები ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 400 ლარიან დანამატს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, მასწავლებლები გამოცდას უნარ-ჩვევებსა და სპეციალობაში ჩააბარებენ და მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, რომელიც 60 ქულით განისაზღვრება, სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.