15 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი და ამავდროულად ევროკომისიის ვიცე-პრემიერი, ბარონესა, კეტრინ ეშტონი ჩამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეფასებით, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ეშტონის საქართველოში პირველი ვიზიტი ემთხვევა საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 1-ელი ოფიციალური რაუნდის გამართვის თარიღს. ამის შესახებ ჯალაღანიამ დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეშტონის ვიზიტით საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგში ახალი ფურცელი გადაიშლება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ვიზიტი ემთხვევა საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 1-ელი ოფიციალური რაუნდის გამართვას, რომელიც საქართველოში ჩატარდა. მოლაპარაკებების ეს რაუნდი, თავის მხრივ ემსახურებოდა ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანას საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობას, ყველა მიმართულებით: ეკონომიკური, პოლიტიკური, სპორტის და ყველა სხვა სოციალური სფეროს მიმართულებით. ასევე, ჩვენ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში", - განაცხადა ჯალაღანიამ.