შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ოსი სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ ადასტურებს.
"ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ჩვენთვის არც არავის მოუმართავს, არც არავინ არავის არ ეძენს, არც მშობლებს მოუმართავთ იმის შესახებ, რომ მათი შვილები დაიკარგნენ. არც საგუშაგოზე მდგარ რუსებს შეუტყობინებიათ რამე ამის შესახებ. ამიტომაც ამ ინფორმაცია ვერ დავადასტურებ",_ აცხადებს ჯუღელი.
ამავე დროს, საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვული სააგენტო"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის შესახებ თავად სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერც უარყობს და ვერც ადასრურებს.
"ამჟამად ამ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს, ჯერ-ჯერობით კი ვერაფერს დავადასტურებ",_ განაცხადა შოთა უტიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსნებთ, რომ ამ დილით ოსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია ცხინვალთან ახლოს ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების შესახებ, რომელთაც ხელყუმბარები და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ.