გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გერმანელების უმრავლესობა მხარს კანცლერ ანგელა მერკელის ბლოკს უჭერს. სავარაუდოდ მერკელს კანცლერის თანამდებობის მეოთხე ვადით დაკავება არ უნდა გაუჭირდეს.
რეიტინგებში მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები, რომელთა ლიდერი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცია.
დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ ულტრამემარჯვენე, ანტიმუსლიმურ პარტიაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის". თუ ამ პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში მოხვდნენ, ეს პირველი შემთხვევა იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალები ბუნდესტაგში შევლენ.
ხმის მიცემის უფლება 61.5 მილიონ მოქალაქეს აქვს. დღის განმავლობაში იმუშავებს 73 000 საარჩევნო უბანი. გერმანიაში საარჩევნო სისტემა შერეულია, ამიტომ თითოეული მოქალაქე ხმას სასურველ პარტიას და ასევე ერთმანდატიან ოლქში წარდგენილ კანდიდატს აძლევს.
პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ორშაბათს, გამთენიისას გამოქვეყნდება.