გარემოს დაცვის ინსპექციამ და სატყეო დეპარტამენტმა კახეთის რეგიონში კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსებმა გამართეს. ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილდა კახეთის რეგიონში არსებულ კანონდარღვევებზე, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 700 000-მდე ლარი შეადგინა.
"გარემოს დაცვის ინსპექციაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმა. ამ რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია გეგმიური ინსპექტირება როგორც სატყეო, ასევე ლიცენზიით გაცემულ უბნებზე. დღეს გვაქვს პირველი ინსპექტირების შედეგი. კერძოდ, თელავის მეათე სარეინჯეროს შემოწმების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დანაკარგი. 3211 ძირი ფოთლოვანი ხე არის უკანონოდ მოჭრილი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 416 000 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს"- განაცხადა გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ.
"სატყეო დეპარტამენტის შიდა მონიტორინგის მიერ აღმოჩენილია თელავის მეცხრე სარეინჯეროში კანონდარღვევის ფაქტი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 207 000 ლარი შეადგინა. გათავისუფლებულია თელავის სატყეო უბნის ორი რეინჯერი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია საგამოძიებო დეპარტამენტში. საქმეზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. მინდა ყველა რეინჯერი გავაფრთხილო, გარემოს დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები ვეღარ აიტანს უგულისყურო რეინჯერებს. მკაცრი კონტროლი გაგრძელდება, ჩვენ ერთი წუთით არ ვაპირებთ ყურადღების მოდუნებას. თითოეულმა მათგანმა უნდა დაიცვას ტყის ის ფართობი, რომელიც ჩააბარა სახელმწიფომ"- განაცხადა სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტრო აფრთხილებს ყველა რეინჯერსა და ლიცენზიანტს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კონტროლი გაგრძელდება და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამნაშავე მკაცრად დაისჯება.