10 ივლისს ბათუმში დასრულდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში მომზადებული "მასტერკლასები ქორეოგრაფიაში". მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ქართული ცეკვის ტრადიციებისა და კუთხურობის შენარჩუნება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ უჩა დვალიშვილი, თამარ მუნჯიშვილი, მანანა ცინცაძე, ნანა ვალიშვილი, გიორგი ალიმბარაშვილი, ლევან ალიაშვილი, ბაქარ ხინთიბიძე, რეზო ჭანიშვილი, სოფო კიკაბიძე, ანა ღვინიაშვილი. დისკუსიებში მონაწილეობენ და მასტერკლასების მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ქორეოგრაფები. მასტერკლასებს ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი და ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი. მასტერკლასების მონაწილე ქორეოგრაფებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
10 ივლისს გაიმართება ავთანდილ თათარაძის წიგნის - "ქართული ხალხური ცეკვა" - პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით. კრებულში შესულია ავტორის მიერ ჩაწერილი ყველა სვანური და რაჭული ფერხული, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია, დადგმული ცეკვები და ლექსიკონი.
რაჭული ფერხულები მთლიანად და დადგმული ცეკვები პირველად ქვეყნდება. "ქართული ხალხური ცეკვა" საკმაოდ სქელტანიანი კრებულია - მოიცავს 400 გვერდს. ეს ავთანდილ თათარაძის ნაშრომთა პირველი სრულყოფილი გამოცემაა.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე.
"მასტერკლასები ქორეოგრაფიაში" 7 ივლისს დაიწყო.