საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ოპოზიციას პოლიტიკურად ანგაჟირებული სახალხო დამცველი სურს და ამიტომ არ მოსწონს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტი რამდენიმე სახის ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც სახალხო დამცველს გარკვეული ქმედებების ბერკეტებს უძლიერებს, თუმცა ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ სახალხო დამცველი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს არა წელიწადში ორჯერ, არამედ ერთხელ.
ოპოზიცია ამ ნორმას ერთი მხრივ პარლამენტის ფუნქციების შესუსტებად მიიჩნევს და მეორე მხრივ აცხადებს, რომ ამით მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის ჩაკეტვა.
აღნიშნულ საკითხზე დებატები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხომაზე გაიმართა. დებატები განსაკუთრებულად დაიძაბა მაშინ, როდესაც პავლე კუბლაშვილმა ოპოზიცია სახალხო დამცველის პოლიტიკურად ანგაჟირების მცდელობაში დაადანაშაულა.
კუბლაშვილმა მაგალითად დაასახელა სოზარ სუბარი. ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ გია ცაგარეიშვილს არ მოეწონა და კუბლაშვილს შეახსენა, 7 ნოემბრის აქციაზე სოზარ სუბარის ცემის ფაქტი. პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი, 7 ნოემბერს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ამაში სუბარიც მონაწილეობდა. საპასუხოდ, ცაგარეიშვილმა განაცხადა რომ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებას დამამტკიცებელი საბუთები სჭირდება და კუბლაშვილს ამ საბუთების დასახელების უფლება მოთხოვა.
"მაინტერესებს, გაქვთ თუ არა საბუთები, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მე ვგეგმავდი",'- განაცხადა ცაგარეიშვილმა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.