საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი ქრისტიან-დემოკრატებს ურჩევს, "პარტიაში ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ ვინ არის ხელისუფლებაში სუპერმენი". ეს რჩევა კუბლაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე მას შემდეგ მისცა, რაც ქრისტიან-დემოკატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ "ხელისუფლებას სახალხო დამცველის სახით სუპერმენის ჩამოყალიბება სურს". თუმცა ამ განცხადებაში ვეფხვაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველს აძლევს "რაღაც უფლებებს, რომლის გამოყენებაც არ შეეძლება".
"თქვენ გინდათ შექმნათ სუპერმენი, რომელიც ქვეყნის თავზე იფრენს. კი ბატონო, იფრინოს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ იმას ვითხოვთ რომ წელიწადში ორჯერ პარლამენტშიც შემოიფრინოს და გვითხრას, რასაც დაინახავს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული კანონპროექტი "სახალხო დამცველის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე" ითვალისწინებს რამდენიმე სახის ცვლილებას. ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რომ სახალხო დამცველს პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენა წელიწადში ერთხელ მოუწევს (ორის ნაცვლად).
როგორც ვეფხვაძე აცხადებს, აღნიშნული ცვლილებები, რაც გარკვეულწილად სახალხო დამცველის ფუნქციის გაზრდას ითვალისწინებს, მისასალმებელია, თუმცა პრობლემა იქნება ის, რომ სახალხო დამცველის აპარატში თავმოყრილი ინფორმაცია იქნება ჩაკეტილი და საზოგადოება ვეღარაფერს გაიგებს ამ დარღვევების შესახებ. რაც მთავარია პარლამენტსაც აღარ ექნება ბერკეტი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისთვის.
"ფაქტია, რომ სახალხო დამცველის ანაგრიში წელიწადში ორჯერ არის მოცულობითი და როდესაც ეს ანგარიში პარლამენტს ორის ნაცვლად ერთხელ გაეგზავნება, სახალხო დამცევლის აპარატი იძულებული იქნება, მასალა შეამჭიდროვოს და ბევრი ფაქტი საზოგადეობისთვის უცნობი დარჩება. რაც მთავარია, პარლამენტს შეუმცირდება ერთ-ერთი მთავარი ბერკეტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების საშუალება", - აცხადებს ვეფხვაძე.
მისი განცახდების საპასუხოდ კი პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები არ არიან ჩამოყალიბებულნი, თუ ვინ არიან ქვეყანაში სუპერმენი".
"ცოტა ხნის წინ თქვენი პარტიის ლიდერმა სესიაზე განაცხადა რომ სუპერმენი არის პრეზიდენტი. თქვენ ამბობთ, რომ სუპერმენი სახალხო დამცველი ყოფილა. კარგად დაგვაკვირდით, იქნებ ყველა ჩვენგანი სუპერმენია. პარტიაში ჩამოყალიბდით იმ პოზიციაზე, თუ ვინ არის ქვეყანაში სუპერმენი და ეს განცხადებები ისე გააკეთეთ", - განაცხადა კუბლაშვილმა.