"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი საკრებულოდან "ნაციონალების" დეპუტატის, დავით გელაშვილის წასვლის ფაქტს აფასებს. მისი თქმით, მომხდარით ჩრდილი მიადგა როგორც დეპტატს, ისე "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან მათ პატივი არ სცეს საბურთალოს მოსახლეობის არჩევნს, რომელმაც გელაშვილი საკრებულოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"როდესაც პოლიტიკური ძალა ადამიანს აყენებს კანდიდატად, შემდეგ ეს ადამიანი იმარჯვებს არჩევნებში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებს საკრებულოს, ეს მოვლენა ჩრდილს აყენებს არა მარტო ამ ადამიანს, არამედ იმ ძალასაც, რომელმაც მისი კანდიატურა დააყენა", - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა "რესპუბლიკელ" თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გელაშვილს სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს, კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.