ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით შესული შენიშვნებიდან მთავრობამ 80 პროცენტი გაითვალისწინა. ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
"საზოგადოებას რამდენიმე კვირის წინ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი წარვუდგინეთ, რაზედაც განხილვები გვქონდა ფინანსთა მინისტრთან, ინვესტორებთან და ბიზნესმენებთან. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი გამოქვეყნებული იყო ინტერნეტით მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს საიტებზე. ამ დროისთვის შემოსულია 500 შენიშვნა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის განხილული, რა თქმა უნდა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად და ამ შენიშვნებიდან 80 პროცენტი არის გათვალისწინებული. რაც შეეხება დარჩენილ 20 პროცენტს, მას რიგი მიზეზების გამო ვერ გავითვალისწინებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გილაურის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განახლებული ვარიანტი 10 ივლისიდან დაიდება მთავობისა და ფინანსთა სამინისტროს საიტებზე და მთავრობა ერთი კვირის განმავლობაში კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნების მიღებას გააგრძელებს.
გილაურის განცხადებით, ხელისუფლებას და ბიზნესს ერთი კვირა რჩება, ვიდრე პარლამენტი ახალი საგადასახდო კოდექსის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას ფაიწყებს. გილაური აცხადებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკციების შემდეგ ის სრულყოფილად ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. თუმცა მანამდე 2010 წლის 1-ელ აგვისტოდან გარკვეული მუხლები შევა ძალაში.