პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობის მიერ მომზდაბეულია კანონპროექტი, რომელიც "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახა ანჯაფარიძე არიან. მათ მიერ მომზადებული ცვლილების თანახმად კი სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს არა წელიწადში ორჯერ არამედ ერთხელ წარადგენს.
დღეს მოქმედი ნორმით პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყანაში ადამინის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წელიწადში ორჯერ - მარტსა და ოქტომბერში შედის. კანონპროექტის თანახმად კი ანგარიში პარლამენტში წელიწადში ერთხელ - მარტში წარედგინება.
უცვლელი დარჩება ანგარიშის განხილვის და პარლამენტის მიერ მიღების პროცედურები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა.