გროზნოში მიანმარელი მუსლიმების მხარდასაჭერად მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ რაკჰაინის რაიონში მუსლიმი როჰინჯების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს და მიანმარის ხელისუფლება მუსლიმთა გენოციდში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ პუტინს საგანგებო წერილითაც მიმართეს და მიანმარელი მუსლიმების გადასარჩენად საკუთარი ავტორიტეტის გამოყენება სთხოვეს. ვითარება მუსლიმებით დასახლებულ რაკჰაინის რეგიონში 25 აგვისტოს გამწვავდა, მას შემდეგ, რაც არკან როჰინჯას ხსნის არმიის მებრძოლებმა მიანმარის სამხედრო და პოლიციის ბლოკპოსტებზე თავდასხმები მოაწყვეს. სახელისუფლო ძალებმა რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად დამატებითი ძალები გაგზავნეს. არაოფიციალური მონაცემებით, როჰინჯებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაკჰაინი 40 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.