დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება. შესაბამისი განცხადება სასტუმრო "ამბასადორში" გაკეთდა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა.
დამოუკიდებელ ექპსერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო საზოგადოებრივი დარბაზი მუშაობას სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და მასში საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. აღნიშნული დარბაზის მუშაობაში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თვრამეტივე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ცისკარიშვილის განმარტებით, დარბაზი არ იქნება ვალდებული შექმნისთანავე აირჩიოს კონსტიტუციის რომელიმე მოდელი. მისი თქმით, დარბაზის უმთავრესი მოვალეობა იქნება, რომ კონსტიტუციის მოდელის შერჩევის პროცესი არ გახდეს სრულად პოლიტიზებული და ამ პროცესში საზოგადოებაც იქნას ჩართული. მისი განცხადებით, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხსენებულ დარბაზში კვოტები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც დაეთმობათ, თუმცა მცირე რაოდენობით.
ორივე სუბიექტის - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის - წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, მათი მიზანია, რომ შეიქმნას არარეგისტრირებული საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც საკონსტიტუციო მოდელის შერჩევის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს.
"მთავარი მიზანია, ამ პროცესში საზოგაოდებაც ჩაერთოს და კონსტიტუციის მოდელის შერჩევის საქმეში მონაწილეობა მიიღოს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.