"ახალი მემარჯვენეები" საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ და ამ მიზნით აწყობენ შეხვედრას საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან და საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიასთან ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან "მემარჯვენეების" შეხვედრა გაიმართება 8 ივლისს 12:00 საათზე, ხოლო საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან - 9 ივლისს 12:00 საათზე. შეხვედრები გაიმართება პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში: (ორთაჭალა, ჟანი კალანდაძის ქუჩა #3).
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, საქართველოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი ვარიანტის შემუშავება, რომელშიც ჩართულია როგორც კონსტიტუციურ რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია, ისე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც. პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" აპირებს აქტიურად ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში.