რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებები '"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ" უსაფუძვლოა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში ოკუპაცია ეწოდება ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალის მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნას მათ შორის არსებულ საომარ პირობებში. ამასთან ერთად მმართველობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდება ოკუპაციის განმხორციელებელი სახელმწიფოს სამხედრო ძალის სამხედრო სარდლობის მიერ.
"ასე რომ, სახელმწიფო მდივნის მიერ გამოყენებული ტერმინი "ოკუპაცია" ზემოთაღნიშნულ კონტექსტში ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საქართველოს ტერიტორიაზე არ არის არც ერთი რუსი სამხედრო. რეგიონში არის რუსული სამხედრო კონტიგენტები, მაგრამ ისინი არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რომლებიც გამოეყვნენ საქართველოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ _ "ამასთან ერთად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული მოცულობით მოქმედებს დემოკრატიული გზით ფორმირებული საკუთარი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სტრუქტურები და აქტიურად მუშაობენ პოლიტიკური პარტიები".
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ "ამ ორი რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტიგენტები და ბაზები განთავსებულია ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვითაა გაფორმებული".
"იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი პარტნიორები გაითვალისწინებენ ამ ობიექტურ რეალობას როგორც თავიანთ საჯარო ისე პრაქტიკულ საქმიანობაში", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ბოლოს.