ბაკურიანში, დიდველის საბაგირო გაჩერებულია, ათობით მგზავრი დაახლოებით საათნახევარია, დახმარებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დამსვენებლების ინფორმაციით, საბაგიროს ადმინისტრაციიდან დახმარება ამ დრომდე არ ჩანს. მათივე ცნობით, მათ ინფორმაცია არ აქვთ, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, რათა საბაგიროები ჩაირთოს.
„საათნახევარია ჰაერში ვართ. აქ მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ძალიან უჭირთ გაჩერება. არც მაშველები ჩანან.
წლებია, ეს პრობლემაა და გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება გენერატორის შეძენა“, - განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.
მთის კურორტების კომპანის ინფორმაციით, საბაგიროს გაჩერების მიზეზი "ენერგოპრო ჯორჯიას" მიერ დენის ავარიული გათიშვაა. რაც შეეხება გენერატორს, კომპანიაში ამბობენ, რომ გენერატორი აქვთ, თუმცა ავარიული გათიშვის დროს, ტექნიკურად მისი ჩართვა ვერ ხერხდება.