"სამართლიანი საქართველოს" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, რუსეთის მმართველ პარტიასთან "ედინაია როსიასთან" დროებით ურთიერთობას წყვეტს და ასპარეზს საქართველოს ხელისუფლებას უთმობს.
ამის შესახებ მოსკოვიდან დაბრუნებული ზურაბ ნოღაიდელმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის მმართველ პარტიასთან - "ედინაია როსიასთან" კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვწყვეტთ და რამდენიმე თვით ასპარეზს ხელისუფლებას ვუთმობთ, რომ ვნახოთ რეალურად რის გაკეთება შეუძლია სააკაშვილის ხელისუფლებას", - განაცხადა ნოღაიდელმა.
ამასთან, ნოღაიდელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პუტინის კომენტარი სადაც, ის საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს, ძალიან მნიშვნელოვანია.
"პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადება ყველაზე მნიშვნელოვან იყო, რადგან მან პირდაპირ თქვა, ის რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მოვითხოვდით და ვლობირებდით, რა არის საქართველოს პრობლემების მოგვარების გზა. ეს არის პირდაპირი კონტაქტი ოსებთან და აფხაზებთან, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მათ გულებში და ამით დავუბრუნოთ საქართველოს გაერთიანების შანსი. ყველაზე მნიშვნელოვანი მის განცხადებაში ის იყო, რომ რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.