კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს, - ამის შესახებ ბათუმის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ცისკარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გახადა და ახლა მას ქალაქისთვის ვალი აქვს. მისივე თქმით, ბათუმი ხელოვნების ქალაქად უნდა გადაიქცეს.
"კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბე, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელებისთვის ვალი მაქვს. ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებით და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო. საარჩევნო პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. ბათუმი ხელოვნების ქალაქად უნდა გადაიქცეს,"- განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ.