7-10 ივლისს ბათუმში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ატარებს "მასტერკლასებს ქორეოგრაფიაში". მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ქართული ცეკვის ტრადიციებისა და კუთხურობის შენარჩუნება.
ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სხვადასხვა საკითხსა და პრობლემებზე სემინარულ მეცადინეობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ უჩა დვალიშვილი, თამარ მუნჯიშვილი, მანანა ცინცაძე, ნანა ვალიშვილი, გიორგი ალიმბარაშვილი, ლევან ალიაშვილი, ბაქარ ხინთიბიძე, რეზო ჭანიშვილი, სოფო კიკაბიძე, ანა ღვინიაშვილი. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ და მასტერკლასების მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ქორეოგრაფები. მასტერკლასებს უხელმძღვანელებს ქორეოგრაფი და ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი. მასტერკლასების მონაწილე ქორეოგრაფებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
10 ივლისს გაიმართება ავთანდილ თათარაძის წიგნის - "ქართული ხალხური ცეკვა" - პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით. კრებულში შესულია ავტორის მიერ ჩაწერილი ყველა სვანური და რაჭული ფერხული, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია, დადგმული ცეკვები და ლექსიკონი.
რაჭული ფერხულები მთლიანად და დადგმული ცეკვები პირველად ქვეყნდება. "ქართული ხალხური ცეკვა" საკმაოდ სქელტანიანი კრებულია - მოიცავს 400 გვერდს. ეს ავთანდილ თათარაძის ნაშრომთა პირველი სრულყოფილი გამოცემაა.
მასტერკლასების გახსნას და წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე.