ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს კნაუფის მაღალხარისხიანი თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების ქარხნა გახსნა.
როგორც ქობალიამ განაცხადა, თითოეული ქარხნის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოსთვის.
"ამ ქარხანაში 160 ადამიანი დასაქმდება და აქ გამოშვებული პროდუქცია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში გაიყიდება, არამედ ექსპორტზე გავა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ ქარხნის გახსნა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვა", - განაცხადა ქობალიამ.
"კნაუფი" არის უმსხვილესი გერმანული ინვესტორი რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების სამშენებლო დარგში. "კნაუფის" ჯგუფის საწარმოები დსთ-ში, საქართველოში და მონღოლეთში აწარმოებენ და გააქვთ ბაზარზე მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალა კომპლექსური სისტემების სახით: კნაუფის ფილები (თაბაშირ-მუყაოს ფილები), კნაუფის სუპერფილები და სუპერიატაკი (თაბაშირ-ბოჭკოვანი ფილები), მშრალი თაბაშირის სამშენებლო ნარევები, მშრალი ცემენტის სამშენებლო ნარევები, გრუნტები და სხვა გამოყენებისთვის მზა ნარევები, თბოიზოლაციის მასალა, კნაუფის თაბაშირის ფილები (ღარქიმიანი ფილები), ლითონის პროფილები და სხვ.
ამ ქვეყნებში წარმოებული და რეალიზებული კნაუფის პროდუქცია შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და საშუალებას იძლევა მაღალი ხარისხითა და ნაკლები დანახარჯებით ჩატარდეს მოსაპირკეთებელი სამუშაო, უზრუნველყოფს ხელსაყრელ მიკროკლიმატს ოთახებში და შესაბამისად- ცხოვრებისა და მუშაობის კომფორტულ პირობებს.
2008 წლის 29 დეკემბერს კომპანია "კნაუფმა" თბილისში თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების ქარხანა შეიძინა და რეკონსტრუქცია ჩაუტარა. საწარმოს შეძენასა და რეკონსტრუქციაში ინვესტირებული იყო 20 მლნ. ევროზე მეტი. მშენებლობის პროცესშია ასევე ახალი თაბაშირის ქარხანა, რომელშიც ინვესტიციები შეადგენს კიდევ დაახლოებით 5 მლნ. ევროს.
2009 წლიდან ხაზის რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ სპეციალისტები გერმანიიდან და უკრაინიდან საწარმოს ქართველი პერსონალის მხარდაჭერით. რეკონსტრუქციის პროცესში მთლიანად შეიცვალა მშრალი და თხევადი კომპონენტების დოზირების მონაკვეთი, მთავარი შემრევი, საყალიბე მაგიდა, მუყაოს დაყენების მონაკვეთი. დაყენებულია ჰაერის ატმოსფეროში გამოშვებული მტვერის საწმენდი თანამედროვე მოწყობილობები.
დამონტაჟებულია საკომპრესორო სადგური. კარდინალურად გადაკეთდა საშრობი და საშრობის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მონაკვეთები. მთლიანად შეიცვალა ბიუნდლერის და ფილების მოტორსვის მონაკვეთის კონსტრუქცია. მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის მართვა ხდება თანამედროვე მიკროპროცესორული ტექნიკის ბაზაზე. დაყენებულია მოწყობილობა ფილების მარკირებისთვის "კნაუფის" ჯგუფის სტანდარტების თანახმად.
ქარხანას შეუძლია გამოუშვას წელიწადში 6 მლნ მ2 "კნაუფის" ფურცელი. მიწოდების ძირითადი მოცულობა იქნება საქართველოზე. მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე გამოვა 4 მლნ. მ2 "კნაუფის" ფურცელი.