10 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი".
გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურთა მასობრივად ბარში ჩამოსახლებამ თითქმის დაცალა ეს კუთხე, საფრთხე შეუქმნა ხევსურული ფენომენს და მის ერთ-ერთ უძლიერეს გამოვლენას - ხევსურულ სახლს. ხევსურული სახლი მთლიანი ხუროთმოძღვრული კომპლექსია - გალავნით, ციხე-ქავითა და საკუთრივ სახლით. ხევსურული სახლის გასაოცარი ნიმუში, ზვიადაურთა ციხე-კოშკი, ქავზე მიკრული მტრის გამხმარი მარჯვენით, არდოტში გასული საუკუნის 30-იან წლების მიწურულს ჩაიშალა და ჩაინგრა. მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ხევსურეთი, რესტავრირებული ხევსურული სახლით ტურისტებისათვის ერთიორად საინტერესო და მიმზიდველი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და ქართული მთის შენარჩუნებას.
ღონისძიების ორგანიზატორი ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრი "მერკინალი", პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
გამოფენა გაგრძელდება 15 ივლისამდე.