ხვალ, 5 ნოემბერს, 13:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება გამოფენა `ექვთიმე თაყაიშვილი~, რომელიც გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სამეცნიერო-კულტურული საქველმოქმედო ცენტრი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მასალები ეროვნული არქივის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივებიდან.
მათ შორის: გურიის ეპარქიის გურიანთის უჩასტკის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის 1862 წლის წიგნში ექვთიმე თაყაიშვლის დაბადების და ნათლობის შესახებ ჩანაწერები; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში მისი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები; საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ მოღვაწეობის თაობაზე მასალები;
აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის 1920 წლის 12 იანვრის მოხსენება საქართველოს დროებითი მთავრობისადმი საქართველოს ადგილობრივი არქივების ძვირფასი საისტორიო მასალის შესანახად თბილისში ცენტრალური არქივის დაარსების საჭიროების შესახებ. ასევე, ამავე წლის 11 თებერვლის მოხსენება საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისათვის კანონის მიღების შესახებ.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ექსპონატები, რომელიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. ექსპოზიციის არაერთი მასალა ეხება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოს რეგიონებში ძვირფასი ეთნოგრაფიული მასალის მოძიებას.
გამოფენისათვის კინოარქივიდან და ფოტოარქივიდან შეირჩა კადრები და ფოტოები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს ასახავს.
გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება დათვალიერება თავისუფალია.