საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ოსებთან და აფხაზებთან აუცილებლად დაიწყებს დიალოგს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ოკუპანტი ძალა - რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.
ბაქრაძის განცხადებით, უკვე საერთაშორისოდ აღიარებულ ტერმინ "ოკუპაციას" ის დატვირთვა აქვს, რომ ყველამ უნდა გაიზიაროს რუსეთის პასუხისმგებლობა და მისი თქმით, ტერმინ "ოკუპაციის" დამკვიდრება ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს პასუხისმგებლობის ქართველებზე, ოსებზე ან აფხაზებზე გადატანას
"მას შემდეგ, რაც რუსეთი დაიწყებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას და გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან, ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ოსებს და აფხაზებს. არ არის ჩვენს შორის საკითხი, რომელზეც საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. დამტკიცებულია სპეციალური სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, მაგრამ აუცილებელია, ყველამ გაიაზროს რუსეთის პასუხისმგებლობა, როგორც იმ ძალის, რომელიც დღეს ახდენს ოკუპაციას. ტერმინ "ოკუპაციის" დამკვიდრება ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს პასუხისმგებლობის აცილებას, პასუხისმგებლობის ქართველებზე, ოსებზე ან აფხაზებზე გადატანას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. "საქართველომ და სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა დაარეგულირონ ურთიერთობები და არ ეძებონ მესამე ქვეყანაში, კერძოდ აშშ-ში მათი გადაწყვეტა", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდვინის ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.