კლინტონის ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ განხორციელდა საქართველოს უმძიმესი რეალობის მოდელირება და მიუხედავად გაკონტროლებული კითხვებისა და ზედმიწევნით გაკონტროლებული ვითარებისა "საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" საქართველოს ნამდვილი რეალობის შესახებ დოკუმენტი პირადად გადასცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.ამის შესახებ ნათქვმია პარტიის საერთაშორისო მდივნის, ნესტან კირთაძის განცხადებაში.
"დოკუმენტში საუბარია საქართველოს რეალურ საფრთხეებზე კერძოდ: სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უმძიმეს ვითარებაზე და გაბატონებულ სოციალურ უსამართლობაზე; არაადამიანურ გადასახადებზე; გაკონტროლებულ მედიაზე; გაკონტროლებულ ბიზნესზე; გაკონტროლებულ სასამართლოზე; გაკონტროლებულ არჩევნებზე; პოლიტიკურ პოლიციაზე; პოლიტიკურ და უკანონო პატიმრებზე; საქართველოს მთავრობაში იარაღით უკანონო მოვაჭრეებზე და ნარკოდილერებზე; სააკაშვილის ოჯახურ ბიზნესკლანებზე და ელიტურ კორუფციაზე", - ნათქვამია ნესტან კირთაძის განცხადებაში.
"ლეიბორისტები" წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლინტონის მიერ რამდენჯერმე გაჟღერებულმა პოლიტიკურმა ტერმინმა "ოკუპაციამ," მათი თქმით, საერთო ყიჟინის საფუძველი მისცა საქართველოს ხელისუფლებას, "რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოს ტერიტორიული დაშლისათვის და ახლა ნეტარებას გამოთქვამს ტერმინოლოგიისთვის და არა დაშლილი საქართველოს უმძიმესი რეალობის გამო, რომელმაც ერთიან ქართულ სახელმწიფოს წაართვა მომავალი", _ აღნიშნულია განცხადებაში.