საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანელი დიპლომატის მიერ ავარის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გერმანელი დიპლომატი მართლაც ფიგურირებდა გამოძიებაში, რომელიც საქართველო მოქალაქის გარდაცვალებას უკავშირდებოდა ავარის დროს. ამ შემთხვევაში გამოძიების წარმოების უფლება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ, რადგან პირი დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა", - განმარტა ბოკერიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები გერმანულ მხარეს უკვე გადაცემული აქვს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანული გამოცემა "შპიგელმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოში გერმანიის საელჩოს თანამშრომელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გამოცემის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გერმანელი ანდრეას დ, რომელიც "მერსედესის" მარკის ავტომანქანას მართავდა, თბილისში ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. ავტოავარია ფირზე სათვალთვალო ვიდეო-კამერამ აღბეჭდა და ქართველმა პოლიციელებმა დამნაშავის დაკავება შეძლეს. ანდრეას დ გერმანიაში გაიწვიეს, სადაც მას ბრალს წაუყენებენ.