"ლეიბორისტების" აზრით, კლინტონის ვიზიტმა რამდენიმე პერსონალური პოლიტიკური გარანტია გასცა. მათ შორის ორი გარანტია მიხეილ სააკაშვილზე. კერძოდ: ერთი ის, რომ აშშ 2013 წ-მდე არ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის შეცვლას და მეორე - "ოკუპაციის" ტერმინის დამკვიდრების მცდელობით, მიხეილ სააკაშვილი ააცილონ იმ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ემუქრება რომის სტატუსის საფუძველზე, ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა.
ნესტან კირთაძის განცხადების მიხედვით, პოლიტიკური გარანტია გაიცა, აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ 2 პოლიტიკურ პარტიაზე, რაც მისი თქმით, უაღრესად სამწუხარო და ამავდროულად სახიფათო ფაქტია. კირთაძის მტკიცებით, გარანტიები ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძის პარტიებმა მიიღეს.
"ეს დასტურდება ირაკლი ალასანიას, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო განცხადებით, როდესაც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ 2013 წლიდან აშშ-მა მას და გიორგი თარგამაძეს მისცა გარანტია, რომ სწორედ მათ გადააბარებს ხელისუფლებას.
მაშასადამე, მარიონეტული რეჟიმი ღიად გაფორმდა, როგორც ხელისუფლების ასევე, ოპოზიციის ამ ნაწილში. გუშინ ირაკლი ალასანიმ და გიორგი თარგამაძემ დაპირებულ მილიონებთან ერთად ამის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატები მიღეს", - განაცხადა კირთაძემ.