საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიგა ბოკერიას შეფასებით, როგორც კი რუსეთი გააცნობიერებს იმ "სიახლეს", რომ საბჭოთა იმპერიის ფარგლებში არიან ახლა სუვერენული სახელმწიფოები, ამ მომენტიდან ძალიან ადვილი იქნება მათთან ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ კომენტარი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ზოგისთვის ოკუპაცია ოკუპაციაა და ზოგისთვის თავისუფლება".
"ცინიკურ განცხადებს უკვე მიჩვეულები ვართ რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან. პუტინის ცინიკური განცხადება, კი რომ ვითომ რუსეთი არაფერ შუაშია და სხვა მოთამაშეებმა უნდა გაარკვიონ ეს საკითხები არის იაფასიანი მცდელობა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას, ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს რუსეთთან სურს თანამშრომლობა და მზად არის ამისთვის, მაგრამ ეს გულისხმობს სუვერენიტეტის ორმხრივ პატივისცემას, ორმხრივ თანასწორობას და იმ ფუნდამენტური "სიახლის" მიღებას, რომ საბჭოთა იმპერიის ფარგლებში არის ახალი სუვერენული ევროპული ქვეყნები და იქ მცხოვრებ ხალხს აქვთ უფლება აქვთ თვითონ აირჩიოს როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.
"ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა მრავალის წლის წინ უკვე გააკეთა და როგორც კი მოსკოვში ამ არჩევანს შეეგუებიან, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და თავის ბედს თვითონ ირჩევს, ამ მომენტიდან მათთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარება ძალიან ადვილი იქნება. ეს გულისხმობს თვისთავად დეოკუპაციას, ეთნიკური წმენდის შეწყვეტას, სუვერენიტეტის პატივისცემას და ერთხელ და სამუდამოდ დამშვიდობებას იმ მითთან და ნატვრასთან, რომ მოდერნიზებული ფორმით იმპერია აღდგება, რომ სპეციალური გავლენის სფეროები საბჭოთა კავშირის შემდეგაც იარსებებს", - აღნიშნა ბოკერიამ.
ამასთან, ქართველი დიპლომატის შეფასებით, პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ამ პირობებში არიან მზად, რომ მიიღონ ის კონცეფცია, რომ საქართველო არის ნაწილი ამ გავლენის სფეროების ამაზე მათ ქართველი ხალხი პასუხს თვითონ გასცემს.