"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების და ჩრდილოატლატიკური ალიანსისკენ ჩვენი სვლის დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე შეფასებით, აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების და თუნდაც ამ ორი ქვეყნის ადმინისტრაციის საქმე, ეს არის ხალხებს შორის დამყარებული ძალიან ღრმა პროცესი და მონაპოვარი, რომელიც საქართველოს სჭირდება და კიდევ დიდხანს გაყვება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს 5 ივლისს, 12:00 საათზე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კლინტონი ლიდერ ქალებს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. კლინტონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების დადებითად შეაფასა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისიდან კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაიყვანოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შეასრულოს. ასევე, კლინტონმა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით საქართველოსადმი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.