საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3-4 ივლისს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან ყველაზე შედეგიანად ვასილ იმერლიშვილმა იჭიდავა. 96 კილოგრამი წონითი კატეგორიის დებიუტანტი ევროპის ჩემპიონი გახდა. იმერლიშვილმა ხორვატი ტომისლავ ლავრიჩი, რუსი ზელიმხან ბელხოროევი, ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენი და გერმანელი კოსკუნ ეფე დაამარცხა.
თორნიკე მახარაძემ (50 კგ) და საჩინო დავითაიამ (66 კგ) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს. მახარაძემ ფინალამდე ნორვეგიელი პალ ეირიკ გუნდერსენი, პოლონელი პატრიკ ადრიან რუძკი და ბულგარელი ნიკოლაი ივანოვ ვიჩევი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დამარცხდა. დავითაიამაც აზერბაიჯანელ მეტოქესთან, რასულ ჩუნაიევთან დაკარგა ოქროს მედალი. იქამდე კი ლიტველ ეივიდას სეკუსს, თურქ ემრე კავრალოღლუსა და რუს ზამირ ზაგაშტოკლოვს სძლია.